ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ამ აჟიოტაჟის მიზანია, ღარიბაშვილი დააკავშირონ სააკაშვილთან, რომელიც ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის იყენებდა – ირაკლი ქადაგიშვილი

„მეტრონომი“ „ქართული ოცნების“ წევრს, ირაკლი ქადაგიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ესაუბრა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს მართლაც აჟიოტაჟია, რითაც ცდილობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამენაირად დააკავშირონ წინა ხელისუფლების მოქმედებებთან, უპირველესად მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის იყენებდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ გამოდის.

„ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილის შემთხვევაში ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. არც კანონი დარღვეულა, იმიტომ რომ თუკი გავეცნობით შესაბამის კანონს, აღმოვაჩენთ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე არსებულ თვითმფრინავს არ ეკრძალება კომერციული რეისის შესრულება.

რაც შეეხება პრეცენდენტს, მე არ ვიცი, ვის სად და რითი დაფრინავს, მაგრამ ამის მოძიება, ალბათ, შესაძლებელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. დღეს ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

იტვირთბა....