ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დაბრალებებით უამრავი ოჯახი განადგურდა. მე ჩემს თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი” – დათო ოქიტაშვილი ცილისწამების კანონის შემოღების შესახებ

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალური ქსელით საქართველოს პარტლამენტს ცილისწამების კანონის შემოღებისკენ მოუწოდებს.

მას, აღნიშნულ იდეასთან დაკავშრებით, „მეტრონომი“ ესაუბრა.

დავით ოქიტაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთს რაღაცები აბრალონ. ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისვენოს ცილისწამებებისგან.

მისი თქმით, თუკი იარსებებს კანონი ცილისწამების შესახებ, ეს უკეთესი იქნება პოზიციისთვისაც, ოპოზიციისთვისაც, საზოგადოებისთვისაც და ჟურნალისტებისთვისაც, რადგან ამ შემთხვევაში, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება უფრო ფრთხილად მოხდება.

[su_quote] არ შეიძლება ადამიანები ათას ჭორს ავრცელებდნენ. ჯერ კარგად უნდა შეისწავლო საკითხი და მერე უნდა გაავრცელო. დაბრალებებით, ცილისწამებებით უამრავი ოჯახი განადგურდა. მე ჩემს თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი.

თუ არ ვცდები, საფრანგეთმა მიიღო კანონი ცილისწამებაზე, რომელიც ჯარიმას და 8 წლით პატიმრობასაც ითვალისწინებს. მე არ ვიძახი პატიმრობას, მაგრამ არ შეიძლება ადამიანს რაღაცები აბრალო.

ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისვენოს ცილისწამებებისგან. ეს არ ეხება მხოლოდ „ტვ პირველის“ ეთერში შაბათს გასულ სიუჟეტს. ამ შემთხვევაში მე კონკრეტულად „ტვ პირველი“ არ დამიდანაშაულებია ცილისწამებაში, მე საერთოდ ვიძახი, რომ კანონი საჭიროა.

რამდენიმე წელია, მე ამას ვამბობ და იმიტომ კი არა, რომ პირადად ვინმეს წინააღმდეგი ვარ, არამედ ეს პოზიციასაც უნდა აწყობდეს და ოპოზიციასაც.

თუ იარსებებს კანონი, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება უფრო ფრთხილად მოხდება.

ჩემი აზრით, ამ კანონის პროტესტი არ უნდა მოჰყვეს. ეს კანონი საზოგადოებას დაიცავს, რათა მან მიიღოს სწორი ინფორმაცია. სიტყვის აკრძალვა არაფერ შუაშია სწორი ინფორმაციის მიწოდებასთან.

საფრანგეთში კანონის მიღებით აიკრძალა სიტყვა?

ეს თქვენთვის, ჟურნალისტებისთვისაც, უკეთესია, რადგან თქვენ გადაამოწმებთ მიღებულ ინფორმაციას და შემდეგ გაავრცელებთ. თორემ მე ღმერთმა დამიფაროს, რომ ჟურნალისტს ან სხვა ვინმეს რამე ავუკრძალო. ჟურნალისტის მოვალეობაა წეროს. მე თქვენ დიდ პატივს გცემთ, პოზიციასაც და ოპოზიციასაც, მაგრამ წერეთ სიმართლე.

კანონის არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტი უფრო დაფიქრდება და გადაამოწმებს ინფორმაციის სისწორეს. [/su_quote]

– განაცხადა დავით ოქიტაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

მთავრობის ოპონენტები ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას ითხოვენ.

იტვირთბა....