საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე „მეტრონომი“ „ქართული ოცნების“ წევრს, ლადო კახაძეს ესაუბრა.
კახაძის თქმით, პრემიერ არ დაურღვევია კანონი, არ გამოუყენებია ქვეყნის ბიუჯეტი. ასევე კანონი არ დარღვეულა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავის მიერ კერძო ფრენის შესრულების შემთხვევაშიც.
მმართველი გუნდის დეპუტატმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მავანს და მავანს, ალბათ, რაღაცის გადაფარვისთვის სჭირდება.
[su_quote] ასეთი გამჭვირვალე ხელისუფლება, როგორიც ახლა არის, არ გვყოლია. ყველასთვის ყველაფერი ცნობილია – საიდან რა ფინანსდება, როგორ ფინანსდება. ყველაფერი ღიაა ბიუჯეტთან დაკავშირებით, მაგრამ თემას, ალბათ, რაღაცის გადაფარვის მიზნით, მაინც წამოსწევს ხოლმე მავანი და მავანი. მაგრამ რამდენი საკითხიც არ წამოსწიეს, ყველგან ყველაფერი გაბათილდა.
ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის კაცი, რომ თავისი ცხოვრების წესი შეცვალოს, თავისი ქვეყნის მიმართ ერთგულებაში ვინმე შეეცილოს. ის თავდადებული კაცია.
მე და მოსახლეობის დიდ ნაწილს ეჭვი არ გვეპარება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავისი ქვეყნისა და მოსახლების მიმართ ერთი გადაცდომაც არ აქვს.
შეცდომები არის, ბევრი რამ გასაკეთებელია, ამას ყველანი ვამბობთ და გამოსწორებას ვცდილობთ.
რაც შეეხება თბილისი-მიუნხენის ფრენის საკითხს, მე დეტალები არ ვიცი. ამ ყველაფერზე შესაბამისმა უწყებებმა გასცეს პასუხი. ღარიბაშვილს არ უსარგებლია სახელმწიფო ბიუჯეტით. არც თვითმფრინავის გამოყენების შემთხვევაში დარღვეულა კანონი. რამდენადაც მე ვიცი, მას აქვს კერძო რეისების შესრულების უფლება. მე ვეყრდნობი ტელევიზიისა და უწყებების ცნობებს, რომელთა მიხედვითაც, აქამდეც ყოფილა შემთხვევა, რომ სახელმწიფო ბალანსზე არსებულ თვითმფრინავს კერძო ფრენა შეესრულებინოს.
პრემიერის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ქვეყნის სახელით, არასდროს არ იქნება შებღალული; რასაც აკეთებს ოჯახის სახელით, აღრეული არ იქნება ქვეყნის საქმესთან. ეს პასუხისმგებლობა აქვს ამ გუნდის ყველა აწევს. ჩვენ გვაქვს წინა ხელისუფლების ნათელი მაგალითი, მე არ მინდოდა ამის თქმას და, საერთოდ, ვერიდები წარსულის რევიზიას, მაგრამ რადიკალური სხვაობაა ცხოვრების მაშინდელსა და ახლანდელ წესს შორის.
ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და ჩვენი გუნდი, მოსახლეობასთან ერთად, დგას ქვეყნის სამსახურში. [/su_quote]
– განაცხადა ლადო კახაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.
მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.
ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.
ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.
მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებას ითხოვს.