ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრემიერზე უსუსური პროპაგანდისტული იერიშით, ოპოზიცია თავის დაგებულ მახეში გაება – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერში“ გასულ სკანდალურ სიუჟეტსა და ამასტან დაკავშირებით, ოპოზიციის რეაქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრემიერზე უსუსური პროპაგანდისტული იერიშით, ოპოზიცია თავის დაგებულ მახეში გაება.

„გვარამიას ბრალი წაყენებული ჰქონდა იმისთვის, რომ რაც უნდა გამხდარიყო „რუსთავი 2“-ის, არ გახდა „რუსთავი 2“-ის და მან მიისაკუთრა, თავის მეგობრებზე გააფორმა. რაც შეეხება პრემიერის ქეისს, ამასთან შედარება არარელევანტურია. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნითაც ჯერ არავის მიუმართავს არც ადმინისტრაციისთვის, არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის. ჩემგან შეიძლება გასაკვირიც იყოს ასეთი საუბარი, მაგრამ თუ მართლა გაინტერესებთ, თუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წარსული ცოდვების „გაპრავების“ უსუსურ მცდელობაზე არ ხარ გადასული, უნდა დაინტერესდე, ხორციელდებოდა თუ არა იგივე თვითმფრინავით კერძო, კომერციული ფრენები, შეუძლია თუ არა მოქალაქეს, მიმართოს ამ თვითმფრინავზე კომპანიას და გაფრინდეს ჩარტერული რეისით, ასევე, სახელმწიფომ გაიღო ეს ხარჯები პრემიერის შემთხვევაში, როდესაც ის და თავისი ოჯახის წევრები გაფრინდნენ ევროპაში, თუ ეს იყო პირადი ხარჯი?

პირდაპირ აღმოჩნდა, რომ თავის დაგებულ მახეში თვითონვე გაებნენ. მთელი კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, თითქოს პირველ პირს შეუძლია, სახელმწიფოს თანხებით ფრენები განახორციელოს პირადი მიზნებისთვის, ვიღაცები ჩამოიყვანოს, თვითონ გაფრინდეს და ა.შ. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოიყენოს, ამ უსუსური პროპაგანდისტული იერიშით თავადვე დაადასტურეს, რომ თურმე არ შეუძლია, ვინც არ უნდა იყო, თუნდაც ქვეყნის პირველი პირი. ხომ დადასტურდა? ჩარტერები თურმე მაშინ ყოფილა უკანონო. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ოჯახის ხარჯით არის გაწეული ეს თანხები. რა თქმა უნდა, დეკლარაციაში ეს იქნება დეტალურად ასახული. ეს არის სულ. როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს არ არის პრობლემა და პირველ პირს შეუძლია, იფრინოს სახელმწიფოს ხარჯებით, პირადი საჭიროებისამებრ, ეს ასე არ არის, თავადვე დაადასტურეს, რაც ძალიან კარგია“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებას ითხოვს.

იტვირთბა....