ევროკავშირის მაღალჩინოსანი, ჯოზეფ ბორელი, რომელიც საქართველოში იმყოფება, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს შეეხო.
„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს. თქვენ გაქვთ პოტენციალი ევროკავშირისთვის, გჭირდებათ წარმატებებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“, – განაცხადა ბორელმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.
ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.
დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.
ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა, და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა.