სააკაშვილი ბოკერიას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ ფასეულობებს, სისასტიკე და სადიზმი ვანო მერაბიშვილის ბრალია – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რითიც მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
“დაპირისპირება რეალურად არსებობს, მაგრამ ეს ახალი თემაა არაა. გახლეჩის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოკერია – სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არაა, უბრალოდ “ევროპულმა საქართველომ” სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა არ გაემიჯნა იმ თუნდაც წარსულს და დღევანდელობაში ამ წარსულიდან გადმოყოლილ უშველებელ პრობლემებს, საკუთარ თავზე აიღო ბევრი რამ და არ ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ხედვა გააჩნია და ამ ეტაპზე, დარჩნენ ურთიერთბრალდებების დონეზე. სააკაშვილი მას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი თურმე არის ბოკერიას ბრალი. ეს სისასტიკე და სადიზმი არის ვანო მერაბიშვილის ბრალი და მისი ბრალი არაფერი არაა. ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს. ვინმეს რაიმე საინტერესო შემოთავაზება ეკონომიკაზე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე არ მოგვისმენია და ვფიქრობ, კარიერას ძიძგილაობაში დაამთავრებენ” – განაცხადა გია ვოლსკიმ.