ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უკრაინაში იგივე ხელწერაა, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში, ომი მხოლოდ საბაბია” – ირაკლი კობახიძე სილაგავას მკვლელობაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში, ქალაქ დნეპრში, პოლიციის მიერ ჯუმბერ სილაგავას მოკვლას გამოეხმაურა.

„ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა, სინამდვილეში, ომი ამ ყველაფრისთვის არის მხოლოდ საბაბი. ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო.

რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. ადამიანის მკვლელობას არც ნასვამობა ამართლებს და არც პოლიციელთან დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს, როდესაც ბავშვების და მეუღლის თვალწინ ხორციელდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები. დღეს ისინი არიან გამოფენილები და ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ქალაქ დნიპროში სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სილაგავა ავტომობილში მეგობარ ქალთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სილაგავამ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელ ქალს.

პოლიციამ ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სილაგავას ზურგში სამჯერ ესროლა.

სილაგავა ადგილზე დაიღუპა.

პოლიციელი დაკავებულია და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოკლული მამაკაცი დნიპროში ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა.

აღნიშნულ ამბავს სოციალურ ქსელში განსხვავებულად ჰყვება ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი.

„დნეპრში მძღოლმა მოძრაობის წესები უხეშად დაარღვია – ქუჩის კამერებზე ჩანს.
ასევე კამერებზე ჩანს, რომ საჭესთან კაცი იჯდა.
პოლიციას გაექცა, მერე, როდის როდის გააჩერა, მძღოლმა და მისმა თანამგზავრმა ქალმა ადგილები გაცვალეს.
პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, საბუთები წარედგინათ, არ დაემორჩილნენ. მეტიც, პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
კაცი მანქანიდან გადმოვიდა და ბლატაობდა, თქვენ არ იცით, მე ვინ ვარო, მერე მანქანაში დაბრუნდა და ქალს უთხრა, დაძარი, წავედითო.
სწორედ ამ დროს, პოლიციამ ქალის დაკავება დაიწყო. ეს კაცი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელი ქალის ცემა დაიწყო.
მისი თანმხლები ქალი კაც პოლიციელს ურტყამდა.
სწორედ იმ დროს, როცა კაცი პოლიციელ ქალს უმოწყალოდ სცემდა, მისმა მეწყვილემ გაისროლა და თავდამსხმელი მოკლა.
ქალი პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დამტვრეული აქვს სახის ძვლები, გატეხილი აქვს ცხვირი და დაზიანებული აქვს კიდურები.
გამოქვეყნდა გარე კამერების და სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც ეს ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე, ცხადად ჩანს.
მთვრალი მძღოლი ეთნიკურად ქართველი, უკრაინის მოქალაქე, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ტიპი აღმოჩნდა.
მანქანა ეკუთვნის მის ყოფილ ცოლს. ქალი მისი ამჟამინდელი შეყვარებულია.
მანქანაში იჯდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი.
როცა პოლიციელებს სცემდა, შვილები უყვიროდნენ: Папа, гаси ментов.
ქართველი რუსეთუმეების გავრცელებული ინფორმაცია, რომ კაცი ომში მიყავდათ, ის არ მიყვებოდა და იმიტომ მოკლეს, არის ტყუილი.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, უკრაინულ ჩატებში რაც წავიკითხე, უმრავლესობა პოლიციას ამართლებს.
ნაცემი პოლიციელის ფოტო კომენტარებში“, – წერს ის.

იტვირთბა....