მას შემდეგ, რა შინაარსის განცხადებითაც პრეზიდენტმა 26 მაისს ახალწვეულებს მიმართა, მისი აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.
„საკმაოდ ინტენსიური იყო ურთიერთობები საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე, მათ შორის გერმანიის კანცლერთან, პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და პრინციპში, ევროპული ქვეყანა არ დარჩენილა, სადაც ინტენსიური კონსულტაციები არ გვქონდა. ჩემი პირადი აზრია, რომ მას შემდეგ, რა შინაარსის განცხადებითაც პრეზიდენტმა 26 მაისს მიმართა ახალწვეულებს, ეს აქტივობები თვალთმაქცობას უფრო ჰგავს. თუკი ამ ფორმულით ჩადიხარ ევროპულ დედაქალაქებში, რომ ხალხი სხვაა, მთავრობა სხვა და მთავრობა ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს, ეს თვალთმაქცობაზე კიდევ უარესიც შეიძლება იყოს. თუ კონსტრუქციული და პოზიტიური პოზიციით ჩავა პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი, მისასალმებელია, მაგრამ დღეს ვხედავთ ბრიუსელის დერეფანში მორბენალ აქტივისტებს რადიკალური ოპოზიციიდან, რომლებიც ინტენსიურად მოუწოდებენ ყველას, არ დაუშვან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.