მეუფე ნიკოლოზმა პატრიარქის მოსაყდროს შესაძლო მოწამვლის საქმეზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, ამის სურვილი ვინმეს ჰქონოდა. სასულიერო პირის განმარტებით, გამოძიების გარემოებები მისთვის უცნობია და მხოლოდ ჟურნალისტებისგან იგებს ინფორმაციას:
„მე ამას ვიგებ მხოლოდ თქვენგან, ისეთი დაფარული ინფორმაციაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. რაც შეეხება გამოძიებას, მე ამით როგორ უნდა დავინტერესდე? მე პირდაპირი წვდომა არ მაქვს. ამას უწყებები იძიებენ და რა თქმა უნდა, დაფარულია. აბა, დაფარული, რომ არ იყოს, როგორ გამოიძიებენ? თქვენ რაღაცნაირად ჟურნალისტები ახერხებთ და იგებთ ამბებს, მე ამის უნარი არ მაქვს.
არ ვიცი, სასულიერო პირები თუ გამოიკითხნენ. ეს ყველაფერი თქვენ უფრო იცით. მე მეუფესთან ურთიერთობა მაქვს, ვეკითხები და ძირითადად მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა როგორია. მეუფე ცუდად რომ იყო, ამაში ორი აზრი არ არის და მეუფეს, რომ რაღაც საფუძველი აქვს. იმდენად წარმოუდგენელია, რომ ეს ვინმეს ინტერესებში იყოს, ვერც კი ვფიქრობ ამას, რაღაც ფანტასმაგორია მგონია ეს ამბავი.
მეუფე შიომ თვითონ ბრძანა, მაგრამ არ ვიცი, ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, მძიმე მეტალები ყველა ჩვენგანის ორგანიზმში არსებობს და აქ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა“. მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.