ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მე არ უნდა უზრუნველმეყო პრიგოჟინის უსაფრთხოება, მას ეს არასდროს უთხოვია” – ლუკაშენკო

“ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის სიკვდილის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ კრიმინალური დაჯგუფების ამბოხებულ მეთაურს უსაფრთხოების გარანტიები მისთვის არასდროს უთხოვია:

“თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ: მე არ უნდა უზრუნველმეყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე – ამაზე საუბარი არასდროს ყოფილა. მესამე, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების თვალსაზრისით, აქამდე ორჯერ მივედით. პირველად, როცა დავურეკე და მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ, როცა მოსკოვში მიდიოდნენ. მე ვუთხარი: “ჟენია, ხვდები, რომ ხალხს მოკლავ და თავადაც მოკვდები?”. მან თქვა: “კარგი, მოვკვდები”. მე ვუთხარი: “ჟენია, გამოგიგზავნი თოკს და საპონს”. მან მიპასუხა: “არა, არა, არა. არ მინდა, ასე მოვკვდე. გმირულად მოვკვდები”. ეს იყო პირველი საუბარი, მეორედ კი ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა”, – თქვა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს რუსეთის ტერიტორიაზე, ტვერში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც, არსებული ინფორმაციით, პრიგოჟინი და მისი მარჯვენა ხელი უტკინი ისხდნენ. გავრცელებული ცნობით, ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა. ტვერის პროზექტურიდან ახლა ოფიციალურ განცხადებას ელოდებიან, რომელმაც ვაგნერის ხელმძღვანელის დაღუპვა უნდა დაადასტუროს. ბორტზე მყოფი 10 ადამიანის ცხედარს დნმ-ის ანალიზი უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, მოსკოვი უკვე ადასტურებს, რომ ოფიციალური ჩანაწერებით ბორტზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა პროგოჟინი და მისი უახლოესი გარემოცვა იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....