ტვერის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუსამძიმრა და “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის შესახებ ისაუბრა, რომელიც “როსავიაციის” ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და დაღუპულთა შორისაა.
პრიგოჟინს პუტინმა “რთული ბედის, მაგრამ წარმატებული და ჭკვიანი კაცი უწოდა”.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო ყველა დაღუპულის ოჯახს. პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ იქ იყვნენ “ვაგნერის“ წევრები.
მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უკრაინაში ნეონაცისტურ რეჟიმთან ბროლაში ჩვენს საერთო საქმეში. ჩვენ ეს გვახსოვს, ვიცით და ამას არ დავივიწყებთ.
პრიგოჟინს ძალიან დიდი ხანია ვიცნობდი, 1990-იანი წლების დასაწყისიდან. რთული ბედის კაცი იყო და ცხოვრებაში სერიოზული შეცდომები ჰქონდა. მაგრამ ბევრს მიაღწია როგორც პირადად, ასევე საერთო საქმეში და ასევე საზღვარგარეთ.
ის იყო ნიჭიერი კაცი, ნიჭიერი ბიზნესმენი”, – ამბობს პუტინი.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით “ვაგნერის” წევრები, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანიის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდნენ.