ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ისეთი რამ მოხდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდი პუტინის დასასუსტებლად” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის დაჯგუფება „ვაგნერის“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვას ეხება.

„რაც არ უნდა მომხდარიყო, ვისაც არ უნდა აეფეთქებინა-პუტინს, უკრაინას, ამერიკას, თავად რუსებს მოუვიდათ შეცდომა და დიდი დრონი ეგონათ ეს პატარა თვითმფრინავი( ამათგან არც ეს უნდა გაგვიკვირდეს), ეს ამბავი მაინც პუტინს დაბრალდება და სამუდამოდ დაირტყამს პრიგოჟინის მკვლელის იარლიყს. მისთვის ამას უმძიმესი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. თუ მანამდე არ გააგორეს, პენსიონერის მშვიდი ცხოვრება ნამდვილად ვერ ექნება სადმე “პადმასკოვიეს” აგარაკზე.
შეთქმულების თეორიები რა თქმა უნდა აგორდება და ამ ადამიანებს ვერასდროს გადაარწმუნებ, რომ პუტინმა აფრიკაში გადამალა, ჰიტლერისა და ბრაზილიის ჯუნგლებისა არ იყოს. პლასტიკურ ოპერაციასაც გაიკეთებს და იქნება თავისთვის მშვიდად ამ სიბერეში. სიკვდილს ასე ცხოვრება ხომ სჯობია. წესით, აჯანყების მომწყობი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ კარგი კაცია პუტინი, არ გაწირა ბოლომდე.
მე ყველაზე მეტად ღვინო რომ მიართვა ვიღაცამ თვითმფრინავში და ბომბი რომ ყოფილა ყუთში დამალული, ის ვერსია მომწონს, ოღონდ ეს ღვინო ქართული მარკის უნდა იყოს. “პრიგოჟინს ხვანჭკარა უყვარდა”-რა მაგარი რეკლამა იქნება, არა?
მოკლედ, ისეთი რამ მოხდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდი პუტინის დასასუსტებლად. რაც მოხდა, საიდუმლოდ რომ არ დარჩება, ესეც ფაქტია, იმდენად ნათელი სურათია.
რადგან ღვინის რეკლამაც გვინდა რომ გამოვიდეს, მოდით იმ ღვინით, თვითმფრინავში დალევა რომ ვერ მოასწრეს, ჯოჯოხეთისკენ გზა “დავულოცოთ” უდანაშაულო ადამიანების სისხლში გასვრილი კაცს და მის თანამზრახველებს. კობზონის კონცერტზე წინა რიგში რომ დასვამენ, ამდენი კი დაიმსახურა. ერთი ადგილი პუტინისთვისაც ექნებათ გადანახული. იმედია, კონცერტის პირველ ნაწილს თუ არა, მეორეს მაინც არ გააცდენს“, – წერს ის.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....