ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, სადაც იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ენმ-მ აწარმოა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც, იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა.

„ჩვენი ხალხი იმსახურებს პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, დეტალურად იცოდნენ, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ დასკვნითაც კი იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირნენ საქართველოს მოქალაქეები. იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე. ამიტომ საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და, განსაკუთრებით, ხელისუფლებას, პოლიტიკური კინკლაობა კი არა, ჩვენს საზოგადოებას გავაგებინოთ კონკრეტული პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა ჯარის ჩაყვანა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რომელიც იმ საღამოს გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახიდან, ნაცვლად იმისა, რომ გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, ფაქტობრივად, ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს. იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 28 ცხედარია ნაპოვნი,  26 მათგანი ამოცნობილია, ხოლო 5 ადამიანს ისევ ეძებენ.

 

იტვირთბა....