“გირჩის” დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი “ხალხის ძალისა” და “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის” მოთხოვნას გამოეხმაურა. როგორც რაქვიაშვილმა განაცხადა, მას არ ჰგონია, რომ პარტიების დაფინანსება იყოს ამ გამოძიების მთავარი მოტივი. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმია და ფინანსების გაკონტროლება კარგს არაფერს მოიტანს:
„ჩვენს ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ ყველა პარტია არღვევს მას. არც ერთი პარტია – ჩვენით დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული, ლეგალურად არ მუშაობს. თუ საჭირო იქნება, შეიძლება, ყველა დააჯარიმო და დახურო კიდეც, იმხელა ძალაუფლება აქვს სახელმწიფო აუდიტს და შემდეგ ექნება ახალ სააგენტოს, ანტიკორუფციულ ბიუროს, სადაც ეს უფლებამოსილება გადადის. არ მგონია, სერიოზული იყოს და პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს. ვიდრე არ გავაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეიძლება – მთავრობას ისეთი ძალაუფლება აქვს და არ ვიფიქრებთ, რომ კანონმდებლობა შევცვალოთ, ეს რისკი სულ იარსებებს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ გარდა, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ითხოვს ამ კანონმდებლობის შეცლას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტიების ფინანსები ასე უნდა კონტროლირდებოდეს. საქართველოში როცა ვენეციის კომისია იყო და ვთხოვეთ, კანონმდებლობა შეგვეცვალა, ოპოზიციიდან მხარი არავინ დაგვიჭირა. უცნაური სიტუაციაა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარტიების ფინანსები უნდა კონტროლირდებოდეს. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა” აუდიტის სამსახურს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ფინანსური საკითხების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. დღესვე პარტიამ “ხალხის ძალა” პროკურატურას მოსთხოვა, 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოძიება დაიწყონ.