საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე “ხალხის ძალის” მოთხოვნას გამოეხმაურა. დეკანოიძის შეფასებით, პარტია ივანიშვილის პროექტია, რომელიც ჩავარდა და ახლა ცდილობენ, გაკოტრებული პოლიტიკოსების განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ:
„ხალხის ძალის“ წევრებს მოვუწოდებ, დაგუგლონ“ და წაიკითხონ, რატომ წაუყენეს ბრალი ყოფილ პრეზიდენტ ტრამპს. „ხალხის ძალაში“ ბიძინა ივანიშვილმა ჩადო საკმაოდ დიდი რესურსი და ის მოიაზრებოდა „ქართული ოცნების“ განაყოფად, რომელსაც არჩევნებზე პრორუსული ამომრჩევლის (ძალიან ცოტა) ხმები უნდა წაეღო. ახლა გვაქვს მოცემულობა, როცა რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ „ხალხის ძალა“ არის გაკოტრებული, ივანიშვილის ეს პროექტი ჩავარდა, „ხალხის ძალა“ ვერაფერს იზამს არჩევნებზე, ვერანაირ მხარდაჭერას ვერ მიიღებს და აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს. ივანიშვილის ეს გაკოტრებული პროექტი საბოლოოდ გაპარტახებულია, სწორედ ამიტომ ცდილობენ გაკოტრებული პოლიტიკოსების განცხადებებით ყურადღება მიიპყრონ. რეპრესიებს მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვიმეორებ ეს არის ივანიშვილის გაკოტრებული პროექტი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე „ქართული ოცნების“ ინიციატივებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, არათუ „ხალხის ძალა“, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებაც“ დაკარგავს ძალაუფლებას, ამიტომაც ახლა ცდილობენ, ეს წინასაარჩევნო წელი იყოს ისტერიის და პოლიტიკური ეგზეკუციის მიმართულებით ძალისხმევის,“ – განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარტიამ “ხალხის ძალა” პროკურატურას მოსთხოვა, 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოძიება დაიწყონ.