პარტია “საქართველოსთვის” ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროების მცდელობას საგანგებო მიმართვით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური მცდელობა უკვე დაწყებული აქვს. გახარიას გუნდის შეფასებით, ამ პროცესში “ოცნებისთვის” პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს:
“ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება.
ოცნებას არჩევნების გაყალბებისთვის კომპლექსური პროცესი უკვე დაწყებული აქვს. ამ პროცესში ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ცესკოს დაქვემდებარების შემდეგ, ოცნებამ გაააქტიურა სადამკვირვებლო მისიებისადმი ნდობის დასუსტების მიზანმიმართული პროცესი, რაც ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ორგანიზაციებზე დეზინფორმაციის გავრცელებით დაიწყო.
იმ ფონზე, როცა 2024 წლის არჩევნების (მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების) ადმინისტრირება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილმა და მხოლოდ უმრავლესობის მიერ არჩეულმა ცესკომ უნდა განახორციელოს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დაცვა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, რაც მათ შორის, არჩევნებში მოქალაქეთა მაღალი მონაწილეობით არის შესაძლებელი.
პარტია „საქართველოსთვის“ აქტიურად მუშაობს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ აქტორს, დღეიდან ყურადღებით ადევნონ თვალი არჩევნების გაყალბების მიზნით ხელისუფლების ქმედებებს, რათა ოცნებას არ მივცეთ შესაძლებლობა მოიპაროს საქართველოს მოქალაქეების არჩევანი,” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს “რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა” აუდიტის სამსახურს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ფინანსური საკითხების გამოძიების მოთხოვნით მიმართა. დღესვე პარტიამ “ხალხის ძალა” პროკურატურას მოსთხოვა, 2020-ის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით ტყუილების გავრცელებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოძიება დაიწყონ.