„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ ბრალდებას ოპოზიციისა და მესამე სექტორის მიმართ, კანონმდებლობის გვერდის ავლით დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, ცენტრი სკანდალის აგორებას ცდილობს, რადგან აუდიტის სამსახური ყველა ფინანსურ ტრანზაქციას ისედაც უტარებს მონიტორინგს და ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია:
“აუდიტის სამსახური ისედაც სწავლობს პარტიების საქმიანობას და ეწევა ფინანსურ მონიტორინგს და შესაბამისად, ეს ყველაფერი ღია ინფორმაცია იქნება და შესაძლებელია ამის შესწავლა. რაც შეეხება პარტიებთან აფილირებული არასამთავრობოებს, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა შეერთებულ შტატებშიც და ევროპის ქვეყნებშიც, ამიტომ აქ სკანდალის აგორება არ გამოვა. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს” – ნახონ, შეამოწმონ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ ასეთი თანხები პარტიას არ ჰქონია”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.