ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედია შოვში – დაკარგულთა ძებნა 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ლევან შერაზადაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 5 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სამძებრო პერიმეტრი გაზრდილია და ძებნითი სამუშაოები როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

„ამ დროისათვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი. მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება სამი გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში და ხვალ, 22 აგვისტოს თემურ ჩარკვიანს, დიმიტრი ფირცხალავასა და ნიკოლოზ ჩალაძეს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ, გაზრდილია პერიმეტრი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნითი სამუშაოები“, – განაცხადა ლევან შერაზადაშვილმა.

იტვირთბა....