კინემატოგრაფისტებმა კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს – ამის შესახებ ხელოვანებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც კულტურის სამინისტროს რეპრესიებში ადანაშაულებენ. ისინი პროტესტის ნიშნად, კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ:
“ჩვენ, ქართული კინოს თავისუფლებისთვის გაერთიანებული კინემატოგრაფისტები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით კულტურის სამინისტროს რეპრესიულ პოლიტიკას, 2023 წლის აგვისტოდან ვაცხადებთ ბოიკოტს!
პროტესტის ნიშნად, ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში, ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.
პროტესტის პირველივე დღიდან, ჩვენ ვითხოვთ სისტემურ ცვლილებას – კინოცენტრის დირექტორის დანიშვნის წესის შეცვლას! გვჯერა, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით, სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლება!
დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!”, – წერია განცხადებაში.