სკანდალში გახვეული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დრომდე უარს აცხადებს, აბიტურიენტს, რომელმაც ისტორიის გამოცდაზე დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო, დამატებითი საგამოცდო სესია დაუნიშნოს. სასამართლო განჩინებას, რომელიც აბიტურიენტის სასარგებლოდ გადაწყდა, გამოცდების ეროვნული ცენტრი მეორე ინსტანციაში ასაჩივრებს. დავა ახლა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.
გუშინ სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეკომენდაციით მიმართა, დაემორჩილოს სასამართლო გადაწყვეტილებას და აბიტურიენტს დამატებითი გამოცდა დაუნიშნოს, რაზეც ცენტრმა განცხადებითვე უპასუხა. მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ ამ მოცემულობაში მყოფი აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის დანიშვნა არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა სხვა მას სხვა აბიტურიენტებთან მიმართებაში.
სანდრო ბაჩიაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი სამაგალითოდ ისჯება იმ მოტივით, რომ სხვამაც არ ამოიღოს ხმა. მისივე თქმით, ყველა მშობელმა უნდა ჩახედოს საკუთარ შვილებს თალებში და დაფიქრდეს, სადამდე შეძლებს მათ დაცვას:
“ეს არის მინისტრის გადაწყვეტილება, ხოლო ჩვენ ვისჯებით სამაგალითოდ. 18 წლის ადამიანი ისჯება სამაგალითოდ იმისთვის, რომ მეტი არავინ არ ამოიღოს ხმა. ამიტომ, პირველ რიგში, ალბათ ყველამ უნდა ჩახედოს თავის შვილს თვალებში და დაფიქრდეს, სადამდე შეძლებს საკუთარი შვილის დაცვას.
8-ში მივმართეთ მინისტრს, რომ მას უბრალოდ რამე ექნა. საათ-ნახევარი გვიყვებოდნენ როგორ ესმით ჩვენი, რომ შვილი ჰყავს ჩემი შვილის ასაკის, მაგრამ არაფერი გამოვა. ჩემი შვილი არის მძიმედ, მას ამდენჯერ მოარტყეს, არც პრეზიდენტი, არც ომბუდსმენი, არაფერი არ აქვს ჩემ შვილს ამ ქვეყანაში, მან გუშინ მითხრა, გამიყვანე აქედან.
სამართალი არის ალბათ, სადღაც, ფორმალური ამბები მაინც უნდა გავიაროთ. მე იმედი მაქვს, რომ სადმე სასამართლოში არ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ეტყვიან გაწელე ეს საქმე რაც შეიძლება დიდხანს, რომ არ მივიდეთ სტრასბურგამდე”, – ამბობს აბიტურიენტის დედა.
ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.