[su_quote]ზოგადად რა არის ხოლმე ბოდიშის შინაარსი ? ის, რომ, როგორც წესი, ასე არ იქცევი და რაღაცნაირად შემთხვევით მოგივიდა ან გაუაზრებლად ან გვიან გააცნობიერე ან რაღაცამ და ვიღაცამ მიგახვედრა და დაუბრუნდი ნორმალურ მდგომარეობას. გული დაგწყდა შენი საქციელის გამო, შეგეშალა. სინანული და ბოდიში მხოლოდ ცარიელი სიტყვები არაა, ის იმგვარი ქცევაა, რომელსაც შინაარსი და დატვირთვა აქვს. ამ ქცევას ზურგს უნდა უმაგრებდეს წარსული და უნდა ამოწმებდეს მომავალი.
კობახიძე წარსულში ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც ამ დღეებში მოიქცა. ადამიანები გულწრფელ ბოდიშს შეცდომის გამო იხდიან და არა მიზანმიმართული, დაგეგმილი ბოროტების გამო, რომელსაც მთელი სახელმწიფო მანქანის ჩართულობით ახორციელებენ სიკვდილს გადარჩენილი ადამიანების გასანადგურებლად. ეს ბოდიში კი არა, გაიძვერობაა.
ეს ბოდიში კი არა, იძულებითი ნაბიჯია, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. რაღაც არ გაუვიდათ და ახლა ტაქტიკურად უკან დაიხიეს, რადგან მთავარს – ძალაუფლებას არ შეექმნას პრობლემა.
ვნახოთ, რა უმაგრებს ზურგს ,,ქართულ ოცნებას”. სულ რამდენიმე მაგალითი მრავალრიცხოვანი ფაქტებიდან :
მოკლულ დათუნა სარალიძეს აშავებდნენ და მასვე აბრალებდნენ მომხდარს. მთელი საქმე გააყალბეს. საზოგადოების წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, მთავარი პროკურორი გააგდეს. როგორც კი მოძლიერდნენ, დააბრუნეს თანამდებობაზე.
გავრილოვის ღამეს ადამიანებს თვალები დასთხარეს და ნადირობდნენ მათზე. კობახიძე გააგდეს, სარჩევნო სისტემის ცვლილების პირობა დადეს. როგორც კი მოძლიერდნენ, კობახიძე უფრო მეტი ფუნქციით დააბრუნეს, საარჩევნო სისტემაზე კი ხალხი გადააგდეს.
რუსული კანონი გაუგონარი ცინიზმით მიიღეს და ხალხი სასტიკად დაარბიეს. როგორც კი მოძლიერდნენ, აქციის მონაწილეებზე ნადირობა გამოაცხადეს და სადაც მოიხელთებენ, ფიზიკურად უსწორდებიან, ქვებს ესვრიან და ყოველდღე კლავენ პროპაგანდისტულად.
ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე არ გავაგდებთ.
ერთადერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ყოველ ასეთ შემთხვევაში ვხედავთ, რა ჩმორებიც არიან. ერთგვარად მომავალს ვუყურებთ. ადვილი მისახვედრია, როგორი იქნებიან კობახიძეები და სხვები ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ – როგორ გასწირავენ ერთმანეთს საკუთარი თავის გადასარჩენად.
კობახიძემ (რეჟიმმა) ბოდიში კი არა მოიხადა, კიდევ ერთხელ სცადა საზოგადოების მოტყუება. რეჟიმის ,,სინანულის” სასარგებლოდ არც წარსული მუშაობს, არც აწმყო და, რა თქმა უნდა, არც მომავალი. დროის არც ერთი განზომილება მის ბოდიშს არ ცნობს[/su_quote]
ასე აფასებს ჟურნალისტი ვახო სანაია კობახიძის განცხადებას, რომელმაც შოვის სტიქიის დროს გადარჩენილ დავით ჯალაძეს მოუბოდიშა.