“ნაცინალური მოძრაობა” შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციას სურს, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელისგან მოისმინოს პასუხები იმ კითხვებზე, რაც შოვის ტრაგედიის გარშემო არსებობს.
ანი წითლიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია, მიუთითებს იმაზე, რომ მას რაღაც აქვს დასამალი, შს მინისტრმა კი პარლამენტში უნდა განმარტოს, რატომ დაიწყო სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით და მსგავსი სტიქიის დროს რამდენად იქნება სახელმწიფო მომზადებული:
“კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას რაღაც დასამალი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა არის, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცეს. რამდენად დაგვიანებული იყო, ან იყო თუ არა სამაშველო სამუშაოები და რატომ დაიწყო 3 საათის დაგვიანებით? რამდენად არის სახელმწიფო მზად, რომ კიდევ თუ მსგავსი რამ დაემუქრება საქართველოს მოქალაქეებს, მოახდინოს შესაბამისი პრევენცია. ეს არის ის კითხვები, რასაც დავუსვამთ შს მინისტრს და მოუწევს ინტერპელაციაზე გვიპასუხოს ამ კითხვებზე,“ – ამბობს ანა წითლიძე.