თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, არსებული ბადეები მოიხსნება და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება.
„გუშინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამის პროექტი განხორციელებული იყო დამცავი ბადეების სახით, სხვაგვარი პროექტის განხორციელებას საჭიროებს, რომ უფრო დაცულები ვიყოთ. პირველი, რაც გაკეთდა, ის საშიშროება მთლიანად მოხსნილია. სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. მოხდება დაანკერება იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა ისევ არ განმეორდეს. დამცავი ბადეები, რაც ამ კლდეებზე არის, ვერ უძლებს და ვერ აკავებს იმ ჩამოშლილ მასას, რაც დაფიქსირდა. შესაბამისად, ცოტა განსხვავებული პროექტი განხორციელდება. ჩვენ ჩართული გვყავდა დარგის სპეციალისტები. ბადეები მოიხსნება და ახალი თანამედროვე პროექტი განხორციელდება“,-განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის განმარტებით, დაგეგმილი ღონისძიებების გამო, მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან ერთი თვის განმავლობაში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სულხან ცინცაძის ქუჩისკენ მიმავალი გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში ავტომობილების გადადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
„სამუშაოები საავტომობილო გზის ერთ მხარეს განხორციელდება, ხოლო მეორე ზოლში გადაადგილება შესაძლებელი იქნება“,- განაცხადა კალაძემ.