გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული.
ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეიზერის ინიციატივას, რომელიც დეპორტაციის წესების გამკაცრებას გულისხმობს, რაზეც შოლცმა დადებითი პასუხი გასცა.
შოლცის განცხადებით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება იყოს უზრუნველყოფილი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესში უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. უსაფრთხო არიან ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ ის აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს, როგორიცაა სამართლებრივი მდგომარეობა, კანონის უზენაესობა, ზოგადი პოლიტიკური გარემოებები და რამდენად არის ადამიანი დაცული დევნისა და ძალადობისგან.
ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო, თუმცა ზედა პალატამ – ბუნდესრატმა ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა.
თარგმანი: საზოგადოებრივი მაუწყებელი