“იმის ნაცვლად, რომ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილებზე მთავრობამ იზრუნოს, მათი “გაშავებით” არის დაკავებული” – ასეთი შინაარსის ტექსტები იწერება სოციალურ ქსელში მას შემდეგ, რაც “ოცნების” თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განცხადებები აკეთა.
შეურაცხყოფილები არიან თავად ტრაგედიის გმირები, რომლებმაც დამეწყრილი ზონიდან გამოსვლა სასწაულებრივად მოახერხეს.
ერთ-ერთი გადარჩენილი დავით ჯელაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდიდან არავინ დაკავშირებია მის ოჯახს, ამის ნაცვლად კი კობახიძემ ისინი ტყუილში დაადანაშაულა:
“ფსიქოლოგებიც გვჭირდება, ალბათ, ისეთი საშინელება გავიარეთ, არანაირი დახმარება მთავრობიდან არ მიგვიღია, არანაირი მანუგეშებელი სიტყვა, არანაირი ზარი. ჩემი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ხომ არ დაურეკავთ – მე ვეუბნებოდი, რომ ნუ ჩქარობთ, დაგვირეკავენ, ალბათ, და ყველაფერი თავის დროზე იქნება – ჯერ შოვის ტრაგედიაა, იქ ადამიანებს ეძებენ, ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე დაგვირეკავენ და გადაგვიხდიან მადლობას გმირული საქციელის გამო, იმ სიტუაციიდან რომ გამოვძვერით, ღმერთმა გადაგვარჩინა, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მოვკვდებოდით ჩვენ,“ – ამბობს დავით ჯელაძე.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა.