ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არის ცენტრალიზებული, კორუფციული პოლიტიკური სისტემის შედეგი, რომლის ცენტრიც არ არის ადამიანის ინტერესი, მისი უსაფრთხოება, თუნდაც ტურიზმის განვითარებისათვის სწორი გარემო – ნიკა მელია

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა:

“არც ვერტმფრენია ველოსიპედი, არც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრობაა ოლიგარქის დაცვის უფროსობა.
ვერტმფრენის საყიდლად 1 არა, მინიმუმ 11 წელი ჰქონდა ხელისუფლებას…

რაც მოხდა, სამწუხაროდ ვეღარაფერს ვუშველით – ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოქმედებაა რომ აღარ მოხდეს, რომ რისკები იყოს მინიმიზებული.

მაშინ როდესაც ტრაგედიის ფონზე, მოდის ინფორმაციისა და დეზინფორმაციის უდიდესი ნაკადი, სადაც ტყუილი და მართალი ემოციებში ირევა, უნდა გვახსოვდეს…

✔️21-ე საუკუნეში არსებობს რისკების გათვლისა და დაზღვევის გაცილებით მეტი შესაძლებლობა,.

✔️ის რომ კომუნისტების დროს ვიღაცამ რაღაც ააშენა და შემდეგ ვიღაცამ რაღაც დააშენა, არაფერს ნიშნავს:

1) ის რომ კომუნისტები კარგად აკეთებდნენ არ არის აქსიომა, უფრო პირიქით – ყველაფერი გადასამოწმებელია (მეცნიერებს ამისი ბევრი ემპირიული მტკიცებულება აქვთ, რატომ არის გადასამოწმებელი);

2) კლიმატი იცვლება, რაც არ იყო რისკის შემცველი 50 წლის, 20 წლის და თუნდაც 10 წლის წინ, რისკის შემცველია ახლა;
ფაქტი კი შემდეგია:

✔️ქვეყანაში, რომელიც არის მაღალმთიანი და ავითარებს შესაბამისი მიმართულებების ტურიზმს, თავისთავად არსებობს მეწყერის, ღვარცოფის, წყალდიდობისა და ზვავის რისკები…

✔️კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეები შეფასდა 2016 წელს საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით (UNDP), შესაბამისად მოხდა რისკ ზონების დარაიონება, მუნიციპალიტეტების ინფორმირება.

✔️მონიტორინგის სისტემის დასამონტაჟებლად გამოიყო 70 მილიონი დოლარი – მიზანი კი, სწორედ გაფრთხილების შესაძლებლობის შექმნა იყო…

✔️საქართველოში მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია მხოლოდ 2 ადგილას, ისიც კატასტროფის შემდეგ და არა კატასტროფამდე (დევდორაკზე და ვერეს ხეობაში), არცერთი არ მუშაობს, ეს ერთი პრობლემაა, მეორე და ძირითადი პრობლემა კი ისაა, რომ მსგავსი სისტემა გვჭირდება ბუნებრივ კატასტროფამდე და არა მის შემდეგ.

✔️ადგილობრივი საჭიროებები ჩაკარგულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ბიუროკრატიულ და კორუფციულ სისტემაში – ჰყავთ ახალი ძვირადღირებული ჯიპები, სამაგიეროდ არსებობს რაიონები რეანომობილების გარეშე.

✔️არსებობს გარემოს დაცვის სააგენტო და სწორი ინფორმაციაც კი არ მიდის სწორ ადგილას, ცენტრალიზებულ, ბიუროკრატიულ ლაბირინთებში იკარგება.

✔️გვყავს სამაშველო სამსახური და გმირი მაშველები, რომელთა მოტივაციისა და ენთუზიაზმის და არა სისტემის იმედად ვართ, ისიც მაშინ როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ნებით, სწორ ადგილს დაგვიანებით მიაღწევენ…

საბოლოოდ კი:

1.გვაქვს სამთო კურორტები, რომელზეც შეიძლება გვყავდეს ერთი ტრავმატოლოგი, თუ გასვლა მოუხდა შეიძლება ადგილზეც არ დაგხვდეთ.

2.გვაქვს ტურისტული ლოკაციები სადაც მუდმივად საჭიროა მაშველი, თუმცა მაშველი თბილისშია და ადგილზე (მაგ: რაჭაში), მცირე ჯგუფიც კი არ არსებობს.

3.გვყავს მრავალჯიპიანი მთავრობა, რომელიც სამაშველო ვერტმფრენის მოკითხვისას, გვპასუხობს რომ კონტრაქტი გააფორმა შეძენაზე.

4.გვყავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რომლებიც ხეობასა და მდინარის კალაპოტში ისე გასცემენ მშენებლობის ნებართვებს, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ გეოლოგის კონსულტაციაა მინიმუმ საჭირო, არათუ დასაქმებული ნათესავის ნაცვლად მისი შტატში ყოლა.

ამ სრულად ცენტრალიზებულ სისტემაში, სადაც ღამით მის მმართველს სძინავს და გაღვიძება არ შეიძლება – ყოველი მსგავსი ტრაგედიისას იწყება ფიქრი, აბა რა ვქნათ და იწერება მესიჯბოქსი, ბუნებას წინ ვერ აღუდგები….

ეს არის ცენტრალიზებული, კორუფციული პოლიტიკური სისტემის შედეგი, რომლის ცენტრიც არ არის ადამიანის ინტერესი, მისი უსაფრთხოება, თუნდაც ტურიზმის განვითარებისათვის სწორი გარემო…” – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ძალოვანი უწყების მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყანას ღამის ხედვით აღჭურვილი ვერტმფრენები ყავს, თუმცა, თუ ადამიანის სიცოცხლეს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება, მისი გამოყენება არ ხდება, შოვში მომხდარი სტიქიისას კი რელიეფი საკმაოდ რთული იყო ღამე სამუშაოდ და დიდი რისკი არსებობდა.

იტვირთბა....