ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რამდენს გიხდიან რუსები, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო?“ – კინზინგერი კობახიძეს

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

„რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება“, – წერს კინზინგერი Twitter-ზე.

კელი დეგნანმა ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერისა და ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით თქვა: „არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ [ქართველები] მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით“.

ამაზე კობახიძის პასუხი იყო, რომ „ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს“.

იტვირთბა....