ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც სააკაშვილმა დანერგა, ცოცხალია – გრიგორი კარასინი

რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი ბათუმის რუსული საკრუიზო ლაინერისა და ტურისტების საწინააღმდეგო აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში დღემდე ცოცხალია რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილი , რომელიც სააკაშვილმა დანერგა.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან დანერგა, ცოცხალია. ის ზოგჯერ გაქრობის პირასაა, შემდეგ კი ისევ თავიდან ჩნდება. საინტერესოა, რას მიაღწიეს მყვირალა-სააკაშვილებმა ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება? პასუხი ნათელია. მაგრამ მაინც“, – წერს კარასინი.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 23-მდე აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

„1978-ში ვიყავით ბათუმში ბოლოს. ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ, არ ვიცით, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ყველგან საბჭოთა კავშირია, რას ამბობთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი, საქართველო, ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა, დიდი, ლამაზი, მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

„აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება. თქვენ ტანკებით შეხვედით იქ, ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები. მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ვისი ტერიტორიაა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი, არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ ოსეთმა გვთხოვა დახმარება და ჩვენც დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი და რუსეთი არ არის ოკუპანტი”, – აღნიშნა კიდევ ერთმა მათგანმა.

იტვირთბა....