ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან? აქცია ფარისევლობაა – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში მიმდინარე რუსული საკრუიზო ლაინერის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ის პრობლემას ვერ ხედავს, რომ რუსი ტურისტები ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხები.

„სამშობლოს დღეს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? რუსეთის მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეუძლიათ შემოსვლა ტურისტული მიზნით. იცით, რომ ხმელეთით წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო შემოსვლა, არსებობდა პირდაპირი ფრენები, ასევე შესაძლებელია ხომალდით შემოვიდნენ და რამდენიმე საათი დაჰყონ საქართველოში, დახარჯონ თანხები, საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. ის, რადაც ჩვენ ვხედავთ, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ გვახსოვს წლების წინ, მაშინ, როდესაც 2008 წლის ომი იყო და ყველამ ვიცით, რამხელა უბედურება ტრიალებდა ჩვენს ქვეყანაში, მესამე, მეოთხე დღეს ის ადამიანები, ვინც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებს, წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ. გვახსოვს მათი ბელადი პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. მაშინ არ მახსოვს კითხვა დაესვა სააკაშვილს რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არაო, თქვენ გახსოვთ ასეთი რამ? – არ გახსოვთ იმიტომ, რომ ასეთი რამ არ არსებობს. ასევე, ჩვენ გვახსოვს ადამიანების ვიდეოკადრები, რომლებიც დღეს რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ, მაგრამ ადრე პირდაპირ მიესალმებოდნენ რუსი ტურისტების შემოსვლას“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიისას შემოვიდა. ამას მოქალაქეების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აქცია მთელი ღამე მიმდინარეობდა. დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა.

გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
ტურისტებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

იტვირთბა....