ბათუმის პორტთან, სადაც რამდენიმე საათში რუსული საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე” უნდა შევიდეს, ხმაური და დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. ისინი სამოქალაქო აქტივისტებს, მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პორტის ტერიტორიაზე მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე უკვე დააკავა.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს პორტის ტერიტორიაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ “დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი”.
მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი, რომელიც ქვეყანაში 800-ზე მეტ რუსს შემოიყვანს, სოჭიდან ბათუმის პორტში, 31 ივლისს, გამთენიას, 07:00 საათზე შევა.
ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.