ბლოგები საზოგადოება

სექსი დიდ სოფელში

 

სექსი. არის თუ არა ის მანიპულირების, ზეგავლენის, მართვის ინსტრუმენტი? – რასაკვირველია არის! არის იმდენად, რამდენადაც ფიზიოლოგიური კმაყოფილების და მისივე და-კმაყოფილების ერთ-ერთი(!), შეიძლება ითქვას ყველაზე მძლავრი, ინსტრუმენტია. …და რაკიღა ასეთია, სრულიად საკმარისია მისი ნებისმიერი მიმართულებითა და დანიშნულებით გამოყენებაც… რასაც სავსებით წარმატებით აკეთებს როგორც ზოგადად ადამიანი, ისე ცალკე აღებული ქართველი ადამიანიც.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებებში სექსი, ისევე როგორც პური (თუმცა, იმავე საზოგადოებებში, პირველი მეორეს და მეორე პირველს გულისხმობს და მოიცავს), ძალაუფლებისკენ სწრაფვის ძირითად მოტივად განიხილება, ის ადამიანის მხოლოდ ფიზიოლოგიურობამდე დაყვანილ მოთხოვნილებად რჩება და ამდენად მისი მორალურობა-ამორალურობის ზღვარიც სწორედ და მხოლოდ ფიზიოლოგიაზე გადის და გაცილებით უფრო ნათელია, ვიდრე ზღვარი, რომლის გატრებასაც მავანნი იქ ცდილობენ, სადაც სექსი ფიზიოლოგიის გარდა სხვა დანიშნულებას იძენს…

კი, მორალი, თუნდაც ბუნდოვანი, თუმცა დღეისათვის საყოველთაოდ მიღებული და მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი კონტურების მქონე მორალი, თითქოს აწესებს გარკვეულ ნორმებს და საზღვრებს, რომელთა გადაბიჯებაც ზემოთხსენებულ მორალს ვნებს და კონკრეტულ ქმედებას ამორალურს ხდის, ოღონდ… ჩვენ ერთი რამ არ გვესმის: სექსი არ არის ის საკრალური სფერო, როგორადაც ადამიანი დღეს მას, სამწუხაროდ, აღიქვამს და წარმოაჩენს; კი, ის შიმშილის ის კატეგორიაა, რომლის დაკმაყოფილებაც მეტ ინტიმურობას მოითხოვს, ვიდრე შიმშილის სხვა კატეგორიების დაკმაყოფილება და ზუსტად ამიტომაც ითვლება (როგორც ფორმალურად, ისე არსობრივადაც) აგრერიგ სასიამოვნოდ, ოღონდ ის ადამიანის ბუნების ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც მისი სხვა უამრავი გამოვლინება და განსხვავებით ადამიანის ირაციონალური ბუნებისგან, მისი საკრალური, შეიძლება ითქვას ობიექტური ბუნებისგან, ყოველდღიურ ცვლილებებს განიცდის და ექვემდებარება… ლოკალურ, ადგილობრივ მდგომარეობებს ექვემდებარება და მსგავსი მდგომარეობებისთვის უარყოფითი შეფასებების მიცემა რბილად რომ ვთქვათ (დარწმუნებული ვარ ათიდან ათი დამეთანხმებით… გულში) თვალთმაქცობაა. ათიდან ათს(!) გსურთ ის, რაც “არ შეიძლება”; ათიდან ათი(!) ეფერებით იმას, ვისი ფერებაც “არასწორია”; ათიდან ათი(!) ხართ დაკავებული სექსით იმათთან, ვისთანაც სექსი “აკრძალულია” და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფიქრებში, ათიდან ათმა(!) იცით, რომ ფარულად, თუმცა ზუსტად იგივე “ამორალურობას” ეტრფით, რომელსაც ხმამაღლა კიცხავთ… კიცხავთ ნებისმიერს, ვისაც თქვენს მიერ ყოველდღიურად ნაფიქრის გან-ხორცი-ელება შეუძლია.

კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ადამიანის მიმართ “უპატივისმცემლობას” კი (პოპულარული ენით – ღალატს) ისევ და ისევ ფიზიოლოგიამდე, შიმშილის კონკრეტულ გამოხატულებამდე მივყავართ. მივყავართ იქ, სადაც ისეთი საკრალური ცნება როგორიც სიყვარულია, გახუნებული და გაფერმკრთალებულია… ამის საზოგადოდ განხილვა კი მხოლოდ ბრიყვის პრეროგატივაა.

ზნეობრიობის სადარაჯოზე მდგომო ადამიანებო, ადამიანებო, რომლებიც სქესობრივად მწიფე ადამიანის ქმედების განსჯით ხართ დაკავებულნი, გახსოვდეთ, რომ იმის და მიუხედავად გინდათ, თუ არა, მსგავსი “ამორალურობით” თავად ხართ დაკავებულნი და დაკავებულნი ხართ ყოველდღე!.. მერე რა, რომ “მათრახს”, რომელსაც ამის გამო თქვენს ფარულ ზრახვებს გადაჰკრავთ ხოლმე ისეთივე უხილავია, როგორც თავად ზრახვები… გახსოვდეთ, რომ კეთილს ბოროტისგან მიზანი განასხვავებს… განზრახვა, ჩადენილის მოტივი განასხვავებს კეთილს ბოროტისგან და არა თავად ჩადენილი… გახსოვდეთ, რომ თქვენი დილით “ამდგარიც” და “დასველებულიც” ისეთივე “დანაშაულზე” გიამბობთ, როგორ “დანაშაულზეც” ვიღაცის ვიღაცასთან სექსი…

თქვენ კი, ადამიანებო, რომლებიც ძალაუფლების სადარაჯოზე დგომისთვის, ან მისი მოპოვებისთვის, ასე და ამ ფორმით იღწვით – გაიზარდეთ დიდი ბიჭები და გოგონები… არა, გაიზარდეთ დიდი ადამიანები!.. პატარა მოხუცები და ბებერი ბავშვები კი ხართ ისედაც… “პატარები” და “ბებრები”, ისევე როგორც თქვენი მოტივი.

ვასო  შონია

იტვირთბა....