ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„მორალური ტერორი“: კალაძე ვიდეოების გავრცელების თემას გამოეხმაურა

„ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა.“ – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ, უკანონო ვიდეომასალებთან დაკავშირებით. კალაძემ მომხდარს “მორალური ტერორი”  და მოქმედ ხელისუფლებაზე პირდაპირი დარტყმა უწოდა:

“მე ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფად გამოვლინდება დამნაშავე, თუ დამნაშავეები და კანონის ფარგლებში აუცილებლად დაისჯებიან ეს ადამიანები. ეს არის პირდაპირი დარტყმა მთავრობაზე, სახელმწიფოზე, ევროპულ კურსზე, რომელიც არჩეული აქვს ქართველ ხალხს, ჩვენს მთავრობას. დარწმუნებული ვარ, ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ვერ გეტყვით, თუ ვინ მართავს ამ პროცესებს, თუმცა ცხადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის ასეთი ჩანაწერები როდის კეთდებოდა, მას ვინ აკეთებდა. ეს იყო ძალიან ბინძური მეთოდები”, – განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების იდენტიფიცირება დაფარული სახეების გამო არ ხერხდება.  ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

იტვირთბა....