Business ახალი ამბები მთავარი

EBRD ბაზისბანკში BMatch პლატფორმის სერვისის მომხმარებელი გახდა

• EBRD ბაზისბანკის მომსახურებით სარგებლობს და Bloomberg-ის BMatch
პლატფორმას იყენებს
• ეს ბანკის პირველი აშშ დოლარი/ლარის სპოტ კონვერტაციის ტრანზაქციაა
BMatch პლატფორმაზე
• BMatch პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებს, იურიდიულ და ფიზიკურ
პირებს ემსახურება

EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი) Bloomberg-ის BMatch პლატფორმაზე, ბაზისბანკის სერვისების გამოყენებით, თავისი პირველი აშშ დოლარი/ლარის სავალუტო ტრანზაქცია განახორციელა. ტრანზაქცია EBRD-სა და ბაზისბანკს შორის ხელშეკრულების პირობებზე წარმატებული მოლაპარაკებების შედეგი იყო.

Bloomberg-ის უცხოური ვალუტით ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა BMatch საქართველოში 2020 წელს ეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. ბაზისბანკი ქართულ ბაზარზე პირველი იყო, რომელმაც პლატფორმა კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. ბაზისბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, შესაძლებელია Bmatch პლატფორმაზე აშშ დოლარის და ლარის ყიდვა-გაყიდვის შესახებ განაცხადის განთავსება.

ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სერვისის აქტივაცია უფასოა. პროდუქტი ხელმისაწვდომია, როგორც ფიზიკური, ასევე
იურიდიული პირებისთვის.

„მოხარული ვართ, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი EBRD ჩვენი მომსახურებით დაინტერესდა. მოლაპარაკებების განმავლობაში, მაქსიმალურად მოხდა ბაზისბანკის სერვისის პირობებისა და პარამეტრების მორგება კლიენტის მოთხოვნებზე და პირველი ტრანზაქციაც ბაზისბანკის პლატფორმის მეშვეობით წარმატებით განხორციელდა. EBRD – ის მასშტაბის ორგანიზაციის მონაწილეობა აღნიშნულ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც მის ლიკვიდურობას შეუწყობს ხელს
და უფრო მოთხოვნადს გახდის BMatch პლატფორმას ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის.

მინდა აღვნიშნო, რომ ბაზისბანკი, სახაზინო პროდუქტების კუთხით, ბევრ სიახლეს
სთავაზობს მომხმარებელს და ხშირ შემთხვევაში, პირველებიც ვართ ხოლმე ბაზარზე.“ – განაცხადა ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მაქაცარიამ.

EBRD ხაზინის გუნდის პორტფელის მენეჯმენტის ასოცირებულმა დირექტორმა გურსუ კელესმა განაცხადა: „BMatch პლატფორმაზე წვდომამ EBRD-ს ლიკვიდობის უფრო ფართო პერსპექტივა გაუხსნა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სპოტ ტრანზაქციების შესრულების ეფექტურობას“.

EBRD-ს საქართველოში 286 პროექტში დღემდე 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია
აქვს განხორციელებული, რაშიც კერძო სექტორის ინვესტიციები მთლიანი
დაფინანსების 82 პროცენტს შეადგენს.

იტვირთბა....