უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა Українській правда-სთან ინტერვიუში „ვაგნერთან“ დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, „ვაგნერი“ უკრაინაში აღარ იბრძოლებს.
„ჩვენ მივიღეთ რუსეთის ხელმძღვანელობის კომპრომისი. კიდევ ერთხელ განადგურდა მითი რუსული რეჟიმის სიმტკიცის შესახებ. დიდი ზიანი მიადგა რუსეთის სამხედრო და საჰაერო ძალებს. ასევე კერძო დაქირავებული კომპანია “ვაგნერი” აღარ მიიღებს უკრაინის ტერიტორიაზე დაპირისპირებაში მონაწილეობას. ეს იყო რუსეთის ფედერაციის ყველაზე ეფექტური ჯგუფი, რომელმაც იცოდა თუ როგორ მიეღწია წარმატებისთვის, ნებისმიერ ფასად“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო. მას რუსული კერძო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი მეთაურობდა. მან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო დარტყმა დაანონსა.
პრიგოჟინის თქმით, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სპეციალურად ჩავიდა როსტოვში, რათა კსკ ვაგნერის განადგურების ოპერაცია ჩაეტარებინა. მისივე მტკიცებით, მინისტრი ქალაქიდან გაიქცა.
პრიგოჟინი აღნიშნავდა, რომ მისი მოქმედებები არა სამხედრო გადატრიალება, არამედ “სამართლიანობის მარში” იყო. გასულ ორ დღეში ვაგნერის ძალებმა კონტროლი აიღეს დონის როსტოვზე, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
სიტუაციის დეესკალაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პრიგოჟინმა ბელარუსიის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით შეთანხმება დადო, რომლის მიხედვითაც, იგი ბელარუსში გაემგზავრება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდება. დღეს, 25 ივნისს ვაგნერმა ჯარების რუსეთის სამხრეთ ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებიდან გაყვანა დაიწყო.
ამის შემდეგ პრიგოჟინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მისი მიზანი ხელისუფლების ცვლილება არ ყოფილა.
ვლადიმერ პუტინმა კი განაცხადა, რომ ვინც იარაღი აღმართა თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს – ისინი პასუხს აგებენ.