ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბადრი ესებუას საქმე – ყველაზე გახმაურებულ დანაშაულში ბრალდებულის განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი და სხდომას ესწრება თავად ესებუაც.ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას განაჩენი შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.

ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. ამ საქმეზე მას 2020 წლის 27 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი), სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....