ახალი ამბები მთავარი სამართალი

სექსუალური ძალადობა შშმ ბავშვებზე: “მცირეწლოვანებს აქტის ამსახველ ვიდეოებს სოციაოურ ქსელში უვრცელებდნენ” – უმძიმესი ფაქტი აჭარაში

5 ივნისს, აჭარის პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“ განცხადებით მიმართა და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ.

„ძალიან ბევრი ვიდეოა გავრცელებული, ჩვენამდე სადღაც 27 ვიდეო მოვიდა, სადაც ასახულია არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის, არამედ სქესობრივი აქტიც პატარა გოგოებთან. ახლახან ვუყურე ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც გოგონა ჯგუფურ გაუპატიურებაზე საუბრობს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში „შშმ ქალთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა, დეა ერემაშვილმა.

„ამ ამბების შესახებ გავიგე ერთ-ერთი ბიჭის ინსტაგრამიდან, სადაც ამის შესახებ წერდა და იქვე აქტიურად განიხილავდნენ ამ ვიდეოების ამბავს.

მანამდე ერთ-ერთ გოგონაზე ვეჭვობდი, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ ვერ ვადასტურებდი. ამიტომ ამ ბავშვის სტატუსს ყურადღება მივაქციე და მოკვლევა დავიწყე“, – გვეუბნება თათია დათაშვილიც.

მისი თქმით, შშმ გოგონები უცხოდ არ აღიქვამენ მოძალადე პირებს.

„აქ ყველა ყველას იცნობს, ზოგი შესაძლოა მათი მშობლების მეგობარია, ამიტომ როცა უფროსი ადამიანი მასთან მიდის და ეუბნება, რომ ეს უნდა გააკეთოს და ეს ნორმალურია, ბავშვი ფიქრობს, რომ ეს სწორია“, – განაცხადა თათია დათაშვილმა.

„ბათუმელები“ უფლებადამცველების თანდასწრებით ესაუბრა 17 წლის მოზარდსაც, რომელმაც ინსტაგრამზე დაწერა გოგონებზე ძალადობის შესახებ.

„მე ამ ვიდეოების შესახებ მითხრა ერთ-ერთმა გოგონამ. როგორც გავიგე, გოგონებს სქესობრივი აქტის დროსაც უღებდნენ ვიდეოებს და შემდეგ ეს კაცები ერთმანეთს უზიარებდნენ ჩათებში.

აქ საუბარია 7-8, 10, 11, 12, 13 და 18 წლამდე გოგონებზე. როგორც მითხრეს, ეს ხდებოდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისსა და ქუთაისში.

ეს ადამიანები არ არიან ამ ბავშვებისთვის უცხო პირები, „წამო წაგიყვან საშაურმეში“, „გაგასეირნებ“, ეუბნებიან. აძლევენ კანფეტებს, სადღაც პატიჟებენ და ისინიც ენდობიან.

ისეთი ვიდეოებიც არსებობს, სადაც მსგავსი დიალოგები მიდის გოგონებსა და მოძალადე კაცებს შორის და არის ისეთი ვიდეოებიც, სადაც პირდაპირ სთავაზობენ გოგოებს სექსს ან სთხოვენ შიშველი კადრების გაგზავნას და შემდეგ ამ კადრებს ავრცელებდნენ პედოფილების ჯგუფებში“, – ამბობს 17 წლის მოზარდი.

წყარო: „ბათუმელები“

იტვირთბა....