საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.
„დანაშაულები ოთხიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.