ახალი ამბები მთავარი სამართალი

“წაქცეულს ურტყამდნენ, აქვს დაზიანებები” – „რეტროს” მფლობელი ფიზიკურ ძალადობაში თანამშრომლებს თავად ადანაშულებს

რესტორან „რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

უფლებადამცველის თქმით, ვარშანიძე თავად არის ძალადობის მსხვერპლი მისი აწ უკვე ყოფილი თანამშრომლების მხრიდან.

მახარაშვილის განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ რესტორნის მფლობელი ძირს ეცემა და წაქცეულს რამდენიმე თანამშრომელი ურტყამს.

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგან მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დანარჩენი 32 საქართველოს მოქალაქეა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება. ერთ-ერთ სტაჟიორს ამ „ჩაიდან“ გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ამას არაერთი მოწმე ადასტურებს. მან [ვარშანიძემ] სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი ოფიციანტი, რა დროსაც თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.

არცერთ თანამშრომელს კანონმდებელი არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კომპანიის დამფუძნებელს ფიზიკურად გაუსწორდეს და სცემოს. მას ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, სამედიცინო დახმარება გაეწია. უფრო მეტიც, გუშინ დაკავების იზოლატორიდან სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს, ისე ცუდად იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით”, – აღნიშნა ლევან მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, სახაჭაპურე „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ “რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე თავის თანამშრომელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
შსს-მ მოძალადე უკვე დააკავა.

იტვირთბა....