ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ოქმში ჩაწერეს, რომ გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაგვიწია წინააღმდეგობა, რაც არის სიცრუე”- თუთბერიძე

ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტთან დააკავეს, უკვე თავისუფალია. თუთბერიძე ამბობს, რომ რეალურად მას ბანერი ხელში არ სჭერია და ის ძირს იდო.

თუთბერიძე კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი. როგორც ადვოკატი ამბობს, მას შემდეგ რაც საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანეს, ავლაბარში იმყოფებოდნენ, როდესაც პოლიციელებს დაურეკეს, რის შემდეგაც პოლიციამ მას ხელბორკილი მოხსნა და უთხრა, რომ განრიდებული იყო. თუთბერიძის თქმით, დაბრუნდნენ თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე, თუმცა რამდენიმე წუთში, ხელბორკილი ისევ დაადეს და უთხრეს, რომ ამჯერად ნამდვილად დაკავებული იყო.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა შეადგინეს ოქმი, სადაც ჩაწერეს, თითქოს ის პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და აგინებდა, რაც ადვოკატის თქმით, სიცრუეა და თუ სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს, ამის დადასტურება მარტივია.

“ავლაბარში როცა მოვედით ვიღაცამ დაურეკა, პოლიციელს ერთ ერთს ოფლმა დაასახა, მითხრა, რომ შენ განრიდებული ხარ დაკავებული არ ხარო, მომხსნა ბორკილები, ჩამოსმას აპირებდნენ სადღაც. მოვთხოვე რა კანონის საფუძველზე განრიდება, მითხრეს, რომ კონსტიტუციის საფუძველზე არის გაკეთებულიო, ამის შემდეგ, რადგან მე არ აღმოვჩნდი მორჩილი, რომელსაც გადასვამდნენ სადღაც ავლაბარში, მოვბრუნდით თავისუფლების მოედანზე, როცა გავჩერდით 5-10 წუთი ვიღაცეები მოვიდნენ, ვიღაცეებმა დაურეკეს და ამის შემდეგ თქვეს, რომ ახლა ნამდვილად დაკავებული ხარო, ხელმეორედ დამადეს ბორკილი”, – ამბობს თუთბერიძე.

როგორც თუთბერიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, დაირღვა მისი უფლება და არ მისცეს დარეკვის საშუალება, ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები.

“წამომიყვანეს შსს-ს მთავარ შენობაში, დაიწყეს ოქმის შედგენა, ჩამომართვეს ნივთები, დარეკვის საშუალება არ მომცეს ბოლო წუთამდე,მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წარმომადგენელიც იყო მოსული. ოქმში ჩაწერეს, რომ გვაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და გაგვიწია წინააღმდეგობა, რა არის სიცრუე”

იტვირთბა....