დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა და მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეს.
ჩიქოვანი „POSTV“-ის დამფუძნებელს, შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივის.
„ამ ცილისწამებამ შელახა დიმიტრი ჩიქოვანის პატივი, ღირსება და მისი საქმიანი რეპუტაცია. მსგავსი ცილისწამება, რომ ეს არის კრიმინალი, რომ ის არის ადამიანის გამტაცებელი, რომ ის არის მოძალადე, მის პატივსა და ღირსებას მის რეპუტაციას არსებითად ლახავს და ამავდროულად, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან გავრცელებული სიცრუე.
თავად ჟურნალისტმაც კარგად იცოდა, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ ის ასრულებდა ტელეკომპანიის პროპაგანდისტულ ხაზს, კონკრეტულად საუბარია postv -ზე. სასამართლოს ძალით ვითხოვთ, რომ postv -მ თავისივე ეთერში უარყოს ეს ცრუ, ყალბი ბრალდებები და ამავდროულად ვითხოვთ მორალური კომპენსაციის გადახდას“ , — განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენეთ, 25 მარტს „პოსტ ტვ-ის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელეკომპანია ირწმუნებოდა, თითქოს მიაკვლიეს ბინას, სადაც ჩიქოვანი და ჟურნალისტი თათია სამხარაძე იმყოფებოდნენ. „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ განაცხადა, რომ თითქოს ჰყავდა წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, რომ ჩიქოვანმა სამხარაძეს თავისუფლება აღუკვეთა. ბერიძემ პოლიცია გამოიძახა.
„პოსტ ტვ-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს როგორც ჩიქოვანმა, ისე სამხარაძემ.