გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სასაზღვრო ზონაში, მთვრალ მესაზღვრეს დაჭერილი ჰყავდა რუსი და ბელორუსი ტურისტი. მცველმა ერთ-ერთ მათგანს ხელბორკილები დაადო, ასევე დავარდნილი პომიდვრის აღება უბრძანა და იარაღი გაისროლა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო, რომელიც შესაძლო არასათანადო მოპყრობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს.
„გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს”, – განაცხადა საგამოძიებო უწყებამ.