არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრებს – ტრისტან ბენაშვილს, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილს კავშირები აქვთ აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესთან და ირაკლი შენგელიასთან.
კავშირები გავლენიან და სანქცირებულ მოსამართლეებთან:
„გიორგი მიქაუტაძე
2006-2010 წლებში ზურაბ გურასპაშვილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში იყო პროკურორი. ზუსტად ამ პერიოდში ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში მუშაობდა კლანის ერთ-ერთი წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე;
ირაკლი შენგელია და ლევან თევზაძე.
ზურაბ გურასპაშვილის და მისი მეუღლის სოციალური ქსელის Facebook-ის მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ მათ კავშირი აქვთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სანქცირებულ მოსამართლე ირაკლი შენგელიასთან და მის მეუღლესთან ლანა თევზაძესთან. საგულისხმოა, რომ ლანა თევზაძე თავის მხრივ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ლევან თევზაძის დაა.
გარდა ამისა, ზურაბ გურასპაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე თამარ ბლიაძე 2022 წლის მაისამდე თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის – სხდომის მდივანი იყო, 2022 წლის მაისიდან კი იგი მოსამართლის თანაშემწედ დაწინაურდა; თამარ ბლიაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობა 2017 წელს, კურიერის პოზიციიდან დაიწყო, ხოლო სხდომის მდივანი 2019 წელს გახდა.
ზურაბ გურასპაშვილს პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე:
გურასპაშილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად სასამართლოს გადატვირთულობა და სასამართლო შენობების ტექნიკური ადაპტირება დაასახელა.
გასაუბრებისას მან განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სისტემა არის სრულად დამოუკიდებელი. სასამართლო სისტემა გაძლიერდა, რამაც მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მოქალაქეთა მიმართვიანობის კლება განაპირობა.
გიორგი გზობავა
საბჭოს წევრობამდე იყო ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
გიორგი გზობავას კანდიდატურა პარლამენტს აიიპ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ წარუდგინა.
ორგანიზაციას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქართული ოცნების ე.წ. აქტივისტებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების” დამფუძნებელი თინათინ ნიბლოშვილი 2017 წელს „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მე-3 ნომერი იყო. თინათინ ნიბლოშვილი 2017 წლიდან საკრებულოს წევრია. ამასთან, 2021 წლიდან იგი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.
2017 წელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარდგენილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლეწევრი და სასამართლოში კლანის მხარდამჭერი შოთა ქადაგიძე. იგი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მართლმსაჯულებისთვის საზიანო თითქმის ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, 2018 წელს მან მხარი დაუჭირა კლანის წევრებით დაკომპლექტებულ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების 10 კაციან პრობლემურ სიას.
ახალგაზრდა ადვოკატებს პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება არ ჰქონდა. კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციას უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში.[1] გიორგი გზობავას წარდგინების დოკუმენტაციაში, ახალგაზრდა ადვოკატების მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დასადასტურებლად წარმოდგენილია გადაწყვეტილებები, სადაც ორგანიზაცია ახორციელებს არა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არამედ თავად წარმოადგენს მხარეს სასამართლოში.
შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც, პარლამენტში წარდგენილი და ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება არ ჰქონდა, პარლამენტის მიერ საბჭოს წევრად გიორგი გზობავას არჩევა კანონის ცალსახა დარღვევაა.
გიორგი გზობავას პარლამენტში საჯარო გასაუბრებისას არ უსაუბრია სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებზე:
გიორგი გზობავამ ყურადღება მხოლოდ სასამართლო სისტემაში ისეთ ტექნიკურ-ლოჯისტიკურ
პრობლემებზე გაამახვილა, როგორიცაა არასაკმარისი სასამართლო დარბაზები,, თარჯიმნების ნაკლებობა, კომპიუტერული ხარვეზები და სხვა.
ტრისტან ბენაშვილი
საბჭოს წევრობამდე მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში
ტრისტან ბენაშვილის კანდიდატურა პარლამენტს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წარუდგინა.
კავშირები გავლენიან და სანქცირებულ მოსამართლეებთან:
მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე
ტრისტან ბენაშვილი 1999-2004 წლებში აშშ-ის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებთან, მიხეილ ჩინჩალაძესთან და ლევან მურუსიძესთან ერთად მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში.
გასაუბრებისას ბენაშვილი კრიტიკული არ ყოფილა სასამართლო სისტემაში დღეს არსებული მდგომარეობის მიმართ:
მან დადებითად შეაფასა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი და მისი გამჭვირვალობა, ასევე 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით შემოღებული ახალი წესი, რომელიც, მათ შორის, მოსამართლეთა მივლინებას მათი თანხმობის გარეშე ხდის შესაძლებელს. ეს წესი ვენეციის კომისიამ მკაცრად გააკრიტიკა.
სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად გამოწვევებად კი ბენაშვილმა სასამართლოს გადატვირთულობა და მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირე დაასახელა. მან ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მაღალია, რასაც მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს“ , – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.