ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დიღომში გარდაცვლილი მოზარდის დედის ინფორმაციით, ფოტოებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დაუკავშირდა – კომპლექსურ ექსპერტიზაში შესაძლოა ლიეტუვა ჩაერთოს

დიდ დიღომში მოკლული 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის გამოძიებაში, შესაძლოა ლიეტუვა ჩაერთოს. მოზარდს ლიეტუვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ამიტომ, საქმე მაშინვე მოექცა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინტერესის არეალში – ინფორმაციას ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ლიეტუვური მედია-პორტალის Delfi.lt-ის ინფორმაციით, ლიეტუვის გენერალური პროკურატურა ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე საგამოძიებო პროცესს და როგორც ირკვევა, ლიეტუვის გენერალური პროკურორი, ნიდა გრუნსკენე თავის ქართველ კოლეგას, ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და გამოძიების დეტალებით დაინტერესდა.

“მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრებმა გამოთქვეს გარკვეული ეჭვები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა, ბავშვის ოჯახის წევრების თხოვნის საფუძველზე, დაუკავშირდა ლიეტუვის პროკურორს და მიმართა თხოვნით, რომ საქმეში ჩართულიყვნენ ლიეტუველი ექსპერტები“. წერს Delfi.lt ლიეტუვის პროკურატურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
Delfi.lt წერს, რომ შოთაძესა და გრუნსკენეს სატელეფონო საუბრის შემდეგ შედგა შეთანხმება, რის შემდეგაც, საქართველოში ლიეტუვიდან ჩამოვიდნენ პროკურორი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. ისინი გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოძიების გაჭიანურებისა თუ გამოძიების პროცესში მკაფიო ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

მოკლული მოზარდის ჯახი და მათი ადვოკატები ამჯერად ლიეტუველი ექსპერტების ჩართვას ითხოვენ კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარების პროცესში, რომლის დანიშვნაც დაზარალებულმა მხარემ აპრილის ბოლოს, მას შემდეგ მოითხოვა, რაც გასაჯაროვდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო დასკვნა.

როგორც „უფლებები საქართველოს“ იურისტმა და ოჯახის ადვოკატმა, ხატია ყურუა, “რადიო თავისუფლებას” უთხრა, ამ თხოვნით მათ უკვე მიმართეს როგორც ლიეტუვას, ისე საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

“ანის მამის სურვილია, რომ ლიეტუვური მხარე, ექსპერტები ჩაერთონ კომპლექსური ექსპერტიზის პროცესში. საქართველოს პროკურატურისგან ამის თანხმობა არის. ახლა საჭიროა საქართველოს ოფიციალური მიმართვა და შემდეგ უკვე ლიეტუვაზე იქნება დამოკიდებული, ვინ ჩაერთვება პროცესში. ჩვენ უკვე მივმართეთ ლიეტუვის პროკურატურას, რომ პროცესში ჩაერთონ მათი ექსპერტები, მათგან უკუკავშირი იყო, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს ლიეტუვის გენერალურ პროკურატურას, რადგან ეს არის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება და თუკი სახელმწიფოსგან იქნება მსგავსი სურვილი, ისინი მზად არიან, რომ ლიეტუვიდან გამოყონ შესაბამისი ექსპერტები“ – ამბობს ადვოკატი.

ასევე, გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მან სოციალურ ქსელში 2 პიროვნების ფოტო გამოაქვეყნა, რომლებსაც შესაძლოა გარკვეული ინფორმაცია ჰქონოდათ მომხდარზე, ერთ-ერთი მათგანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ მკვლელობის საღამოს ნამდვილად გაიარა იმ ტერიტორიაზე, თუმცა არანაირი ხმა არ გაუგია:

“მითხრა, რომ ფოტოზე ნამდვილად ის იყო და იმ საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე, თუმცა, მას არანაირი ხმა არ გაუგია. მითხრა, აუცილებლად დაგეხმარებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი საეჭვო ხმა არ გაგვიგიაო. ოთხი მეგობარი იყო ერთად, ხმაურით მიდიოდნენ, მეგობარს აცილებდნენ“. ამბობს მოკლული მოზარდის დედა ნატო ხუტაშვილი

შეგახსენებთ, 12 წლის მოზარდის ცხედარი 17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.

წყარო: “რადიო თავისუფლება”

იტვირთბა....