საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სოფელ გელათში მომხდარი მკვლელობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანეს.
“ნაფიცმა მსაჯულებმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მათ 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნაფიცმა მსჯულებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც ორი პირის მიერ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებულები ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთხმად ცნეს დამნაშავედ” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, მკვლელობა 2022 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოხდა. მოკლულ მამაკაცს საცხოვრებელ სახლთან 10-მდე პირი ჩაუსაფრდა, მათ შორის, მისივე ნათლული და ნათესავი.