შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ნარკოდანაშაულის ფაქტზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის, ნარკორეალიზატორები.
თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, პოლიციის მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის, ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საგამოძიებო ღონისძიება.
დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“ – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.