მსჯავრდებულებს, რომლებიც 5 ივლისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატოს, ილია თვალიაშვილს თავს დაესხნენ, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი დაუმძიმა.
მათ 1 წლითა და 3 თვის ვადით ჰქონდათ პატიმრობა მისჯილი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
თავდამსხმელი გიორგი მაღრაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს, ხოლო გიორგი წარუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა, ამიტომ მის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი საპროტესტო კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა სირცხვილიასა და Tbilisi Pride-ის ოფისები, დახიეს ევროკავშირის დროშა და მათ ადგილას რკინის ჯვარი აღმართეს.
5 ივლისის ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისის დილას “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარმა დედამ საწოლში გარდაცვლილი ნახა.
ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა, მცირე რაოდენობის პოლიციელი იყო მობილიზებული. საქმის ფარგლებში 30-მდე ადამიანი დააკავეს, თუმცა, დაკავებულებს შორის არ ყოფილან ძალადობის ორგანიზატორები.