ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა გადაიდო

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი, რომელიც 8 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანიჟაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი დაცვის მხარის მიერ სააპელაციოსთვის იმ მტიცებულებების დაშვების მოთხოვნაა, რომელიც საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

“წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ განიხილა მტკიცებულებების დაუშვებლობა/დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით. მხარეებმა დავაყენეთ, რომელი მტკიცებულება იყო ბრალდების დასაშვები და რომელი არა. თუმცა, ბრალდების მხარემ მოითხოვა [ლაზარეს] ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის დაუშვებლად ცნობა, სასამართლომ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და მტკიცებულება ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.

ჩემმა კოლეგამ აღნიშნული გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ველოდებით და ამიტომ არ არის არსებითი განხილვა დანიშნული”, – განაცხადა თათია მანიჟაშვილმა.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში ედავებიან.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....