სახალხო დამცველი ვანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ომბუდსმენი აღნიშნულ საქმეს მანდატის ფარგლებში შეისწავლის:
“6 მაისს, სოციალურ მედიაში გავრცელდა არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული, სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები.
ამ დროისათვის, სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამავდროულად, აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო-სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს.
ამასთან, მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ბავშვების კონფიდენციალურობის დაცვა და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, რათა, მათ შორის, არ მოხდეს არასრულწლოვანთა რეტრავმატიზაცია.
სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, შეისწავლის აღნიშნულ საქმეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა
მოზარდებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მომხდარის შესახებ არასრულწლოვნებმა მშობლებს უამბეს, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა სკოლის დირექტორმა