ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გაყალბება და ინფორმაციის სავარაუდო წაშლა” – რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი

გაყალბება და ინფორმაციის სავარაუდო წაშლა – ამის შესახებ 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი “შაბათის ფორმულასთან” ყვება.

“ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას. ის გვამი… მისი სახე. მინდა რომ თუნდაც ამ საქმეზე სამართალი დადგეს. მე არ მჯერა, რომ თავი მოიკლა, სხვა რა გითხრათ არ ვიცი. არ მინდა რომ ეს ტვირთი მარტო მე ვატარო, სხვებმაც ატარონ – ვისაც ეკუთვნით.

გვამი იყო გასივებული და სხეულის არც ერთი ნაწილი არ იყო ცარიელი. თვალებიდანაც მატლები ამოდიოდნენ. ფაქტობრივად ვერ მოხდა დათვალიერება, როგორიც უნდა მომხდარიყო, რადგან გვამი ლპობაში იყო წასული. იყო ვერსიები თითქოს მანქანაში ბუზი შეფრინდა, მაგრამ მანქანის საქარე მინები აწეული იყო, განა რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო. მე უფრო იმ ვერსიას ვუშვებ, რომ მანამდე მიწაზე იყო და მერე… თუ მიწაზე იქნებოდა, უფრო მეტი მატლი გაუჩნდებოდა და შესაძლოა რომ ასეთი ყოფილიყო, მაგრამ მანქანაში?…

ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ დადგენილება გამეკეთებინა გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, ეს პირი ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით – ეს არის ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც მოიტანა ტელეფონი და ლუქი. მან მთხოვა რომ ტელეფონი დამელუქა – საუბარია ბაჩალიაშვილის ტელეფონზე, რომელიც მანქანიდან ამოიღეს. ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. აპუაშვილმა მთხოვა რომ ტელეფონი დამელუქა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი იყო ამოღებული შემთხვევის ადგილზე, იქვე უნდა დალუქულიყო. ტელეფონი იყო დაულუქავ მდგომარეობაში. როცა პრეტენზია გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა. დავლუქე და გავატანე უკან. ტელეფონს სანამ დავლუქავდი, იმ მომენტისთვის ის გამორთული იყო. სანამ მომიტანდა ამ ტელეფონს, სავარაუდოდ მოხდებოდა ამ ტელეფონის ან გახსნა ან დათვალიერება.

მეორე თუ მესამე დღეს, ოქმის საფუძველზე ტელეფონი გავხსენი და დავიწყე დათვალიერება. ვათვალიერებდი ყველა შეტყობინებას, შემავალ და გამავალ ზარებს, ვოცაფს და ვაიბერს. რომ ვათვალიერებდი, გამიჩნდა ერთადერთი კითხვა – 18 ივლისის ზევით (ანუ დავუშვათ 17, 16, 15 რიცხვის) არანაირი ნომრები და მესიჯები არ იყო შემოსული, იყო მხოლოდ სარეკლამო ტიპის შეტყობინებები. ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ასეთი გაქანების გოგოს, მითუმეტეს ასეთ ადგილას მუშაობდა, წესით უნდა ყოფილიყო რამე ზარები. ელგუჯა აპუაშვილს ეს ტელეფონი არ უნდა ჰქონოდა. კითხვებია – ვინ მისცა ეს ტელეფონი, ვინ გამოატანა? ტელეფონს არ ჰქონდა არანაირი ლაქა. თუ იქნებოდა, ჩვენ ოქმში მივუთითებდით – რადგან როცა რამე დაზიანებაა ნივთზე ან ლაქა, ამას ვუთითებთ, რომ შემდგომ, თუნდაც მფლობელს პრეტენზია არ გაუჩნდეს”, – ამბობს საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში.
წყარო – “ფორმულა”

იტვირთბა....