საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პირის მიმართ, რომელიც სოციალური ქსელისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით, ადამიანებს უკავშირდებოდა, გამოგონილი სახელებით ეცნობოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესტონეთსა და ლიეტუის სამუშაო ვიზების მიღებაში ფულის სანაცვლოდ დახმარებას ჰპირდებოდა.
უწყების განცხადებით, ბრალდებული დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს თაღლითურად დაეუფლა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოს, აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა” – წერია განცხადებაში.